რა არის ჯანსაღი მიჯაჭვულობა, რა ასაკში შეიძლება ჩამოყალიბდეს ის და რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებაში

მიჯაჭვულობა წარმოადგენს ღრმა, ხანგრძლივ ურთიერეთკავშირს აღმზრდელსა და ბავშვს შორის, რომელიც ჩნდება ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში და ფიზიკური და ემოციური სიახლოვის სურვილს აჩენს, რომელიც ბავშვის სათანადო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ფსიქოლოგმა ჯონ ბოულბიმ უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების 4 მთავარი პირობა გამოყო:

  • უსაფრთხოების განცდა;
  • ფიზიკური სიახლოვის სურვილი;
  • განშორების შიში;
  • ქცევის სელექტიურობა (ანუ იმ ადამიანის თანდასწრებით, ვისთანაც პატარას უსაფრთხო მიჯაჭვულობა აქვს, ის განსხვავებულად იქცევა).

ბოულბის თანახმად, ძირითადად აღმზრდელთან დამყარებული მიჯაჭვულობა ჩვენზე მთელი სიცოცხლის მანძილზე ახდენს გავლენას. კვლევები გვიჩვენებს, რომ პირები, რომლებმაც ბავშვობაში დაამყარეს უსაფრთხო მიჯაჭვულობა დედასთან ან ორივე მშობელთან, მეტ წარმატებას აღწევენ, არიან ჯანმრთელები, იშვიათად ავადმყოფობენ და მალე ჯანმრთელდებიან. ისინი ხშირ შემთხვევაში საკუთარ ცხოვრებას „ბედნიერს“ უწოდებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი მიჯაჭვულობის დამყარებისთვის ჩვენ გვაქვს შეზღუდული დრო – 3 წლის ასაკამდე, როდესაც მუდმივი და ახლო კონტაქტის, საუბრის, დაყვავების, მოფერების, ხელში აყვანის საშუალებით შეგვიძლია ჩვენსა და ბავშვს შორის უსაფრთხო მიჯაჭვულობა გამოვიწვიოთ. ამ მგრძნობიარე პერიოდის (ადრე მას „კრიტიკულ პერიოდს“ უწოდებდნენ) გამოუყენებლობა იწვევს ბავშვის განვითარების შენელებას ბევრ სფეროში და ხშირ შემთხვევაში – უსაფრთხო მიჯაჭვულობის დამყარების უუნარობას.

რა უწყობს ხელს უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას?

მრავალი მეცნიერის მოსაზრების თანახმად, დედის მგრძნობიარობა ბავშვისგან მომდინარე სტიმულის მიმართ, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის. დედები, რომლებიც უფრო სენსიტიურები არიან თავიანთი ბავშვების მიმართ და თავიანთ ქცევას ბავშვებს არგებენ, ეხმარებიან ბავშვს უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში.

მზრუნველის მგრძნობიარობა ზრუნვის პროცესში გამოიხატება ბავშვის საჭიროებების დროულად დაკმაყოფილებაში. რაც უფრო მგრძნობიარეა დედა, მით უკეთ ხვდება, როდის შია ბავშვს და როდის არის ის დანაყრებული. ამასთანავე, მზრუნველი არ უწევს იგნორირებას ბავშვის ტირილს, მიდის მასთან და შეუძლია მისი ადვილად დამშვიდება. მგრძნობიარობის ასპექტში იგულისხმება აგრეთვე ფიზიკური კონტაქტის დროს სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა, ხშირი თამაში და კონტაქტი ბავშვთან იმაზე, თუ როგორი ხარისხის მზრუნველობას იღებს ბავშვი.

კვლევების მიხედვით, ბავშვები, რომლებსაც აქვთ უსაფრთხო მიჯაჭვულობა:

  • გამოწვევებისა და სირთულეების დროს მეტად ინარჩუნებენ სიმშვიდეს და პოზიტიურ დამოკიდებულებას;
  • ფლობენ პრობლემების გადაჭრის უკეთეს უნარ-ჩვევებს;
  • მეტად იკვლევენ გარემოს;
  • მეტს თამაშობენ;
  • აქვთ უკეთესი აკადემიური მოსწრება და სოციალური კომპეტენცია;

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები:

  • არიან უფრო კოოპერატიულები და დამჯერები;
  • აქვთ უკეთესი ურთიერთობა თანატოლებთან;
  • აქვთ ნაკლები ქცევითი და ემოციური სირთულეები;
  • აქვთ ემოციების მართვის უკეთესი უნარები;
  • სხვა ადამიანების ქცევის ინტერპრეტაციას უფრო პოზიტიურად ახდენენ (საწინააღმდეგოდ იმ ბავშვებისა, რომლებსაც ამგვარი გამოცდილება არ აქვთ და სხვების ქცევას განმარტავენ როგორც აგრესიულს მის მიმართ);
  • აქვთ მაღალი თვითშეფასება და პოზიტიური მე – ხატი.
  • ყოველივე ზემოთაღნიშნული არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ უსაფრთხო მიჯაჭვულობა, განწირულები არიან პრობლემებისთვის. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ მათ შესაძლოა, ძალიან დიდი სარგებლობა ნახონ გარემოში შეტანილი პოზიტიური ცვლილებებით.

მიჯაჭვულობის ექსპერიმენტი – ეს საინტერესო და საყურადღებოა

ჰარლოუმ, 1958 წელს ჩაატარა ექსპერიმენტი და ჩვილი მაიმუნები გამოყო დედებისგან. შემდეგ მან ჩვილებისთვის შექმნა ორი „რობოტი დედა“. პირველი „რობოტი დედა“ აწვდიდა მათ საკვებს, თუმცა არანაირ კომფორტს არ უქმნიდა. პირველი „რობოტი დედა“ მეტალის კონსტრუქციით იწო აწყობილი. მეორე „რობოტი დედა“ ჩვილებს საკვებს არ აწვდიდა, მაგრამ კომფორტს უქმნიდა. ის რბილი ქსოვილით იყო დაფარული.

ექსპერიმენტის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ მაიმუნები სითბოს რბილი ქსოვილით დაფარული „რობოტი დედის“ მიმართ იჩენდნენ.

როდესაც ორივე „რობოტი დედა“ ახალშობილთა გალიებში მოათავსეს, აღმოჩინეს, რომ მეტალისგან აწყობილი „რობოტი დედა“ აკმაყოფილებდა ჩვილების მოთხოვნილებას საკვებზე, მაგრამ, როდესაც ჩვილი მაიმუნების დასაშინებლად ხმამაღალი საუბარი ჩართეს, ისინი კომფორტისათვის მეორე, რბილი ქსოვილით დაფარული რობოტისაკენ გაიქცნენ.

ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ რბილი ქსოვილით დაფარული „რობოტი დედა“ მაიმუნებისთვის იყო უსაფრთხოების გარანტი, ისინი უცხო გარემოში რბილი ქსოვილით დაფარულ „დედასთან“ თავს კომფორტულად გრძნობდნენ და აგრძელებდნენ გარემოზე დაკვირვებას, ხოლო მის გარეშე იატაკზე იწვნენ პარალიზებულნი, ქანაობდნენ წინ და უკან და იწოვდნენ თითებს.

კვლევის შედეგად ასევე შეისწავლეს იმ მაიმუნების განვითარება, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ ფუმფულა რობოტს ან საერთოდ არ ჰყავდათ „რობოტი დედა“. ამ ჩვილების კვლევის შედეგი უკიდურესად უარყოფითი იყო.

„რობოტი დედის“ გარეშე გაზრდილმა მაიმუნებმა პატარა ასაკიდანვე გამოავლინეს ნაკლები ინტერესი და ნაკლები ცნობისმოყვარეობა ვიდრე „რობოტ დედებთან“ გაზრდილმა მაიმუნებმა.

ჰარლოუს ექსპერიმენტის შედეგები ვარაუდობს, რომ პირველადი მომვლელის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვილების ძირითადი მისწრაფებების დაკმაყოფილებით. ჯანსაღი  მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა ჩვილების არა მხოლოდ საკვებით უზრუნველყოფა, არამედ სიყვარულის, სითბოსა და მზრუნველობის გამოხატვა.

 

პოზიტიური მშობლობა“

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

ბავშვების როლი ოჯახებში, სადაც მშობლები ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე არიან დამოკიდებული, რა ახასიათებთ ასეთ ბავშვებს და და როგორ დავეხმაროთ მათ

Read Next

მშობლების მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად გამოყენების გავლენები ბავშვის განვითარებაზე და ფუნქციონირებაზე