SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
მოქმედი ოჯახი ჰგავს საათს, რომელიც შედგება ურთიერთდამოკიდებული მექანიზმებისგან, რომლებიც შეუფერხებლად მუშაობენ ერთად, მაგრამ თუ ერთი მექანიზმი გაუმართავია, ეს იწვევს მთელი სისტემის ქაოსს.
როდესაც ოჯახის წევრს უვითარდება ნივთიერების მოხმარების აშლილობა, ის აიძულებს ოჯახის სხვა წევრებს, გაუცნობიერებლად მიიღონ გარკვეული დაძლევის ქცევები. დამოკიდებულების მქონე პირის ოჯახის თითოეული წევრი, ასე თუ ისე, ქცევას იცვლის და დამოკიდებულების შედეგებიდან მის დაცვას ცდილობს.
რაც უფრო პროგრესირებს ადამიანის დამოკიდებულება, ასევე ვითარდება ოჯახის წევრების მიერ დაძლევის მექანიზმები. ქვეცნობიერად, ოჯახის თითოეული წევრი ფსიქოლოგიურად ადაპტირდება საყვარელი ადამიანის ნარკოტიკების მოხმარების აშლილობის კომპენსაციისთვის.
ბავშვის გადარჩენის როლები დისფუნქციურ ოჯახებში (განსაკუთრებით ოჯახებში, სადაც ალკოჰოლიზმის პრობლემაა) არის ამერიკელი ოჯახური თერაპევტის, განმანათლებლისა და აქტივისტის შერონ ვეგშიდერ-კრუზის ორიგინალური კონცეფცია, რომელიც წარმოდგენილია მის წიგნში – „სხვა შანსი, იმედი და ჯანმრთელობა“ (1989წ). ავტორმა, თავისი პირადი, ბავშვობისდროინდელი გამოცდილებებით და პროფესიული დაკვირვებებით აღწერა ბავშვების დამახასიათებელი თვისებები და ქცევები, რომლებიც იზრდებიან ალკოჰოლური პრობლემების მქონე ოჯახებში და უფრო ფართო დისფუნქციურ ოჯახებში. მან გამოავლინა ქცევის რამდენიმე როლი, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება დამოკიდებულების მქონე ოჯახებში. ამ როლების გაცნობა და იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს ესა თუ ის როლი ბავშვის შემდგომ ცხოვრებაში, შეიძლება სასარგებლოო იყოს ოჯახის წევრებისთვის ადიქტური ქცევის ცვლილებების მოტივაციისათვის.
ეს როლები შეიძლება იყოს:
- „ოჯახის გმირი“
ამ შემთხვევაში ბავშვი მშობლის მოვალეობებს საკუთარ თავზე იღებს. მოზრდილი ადამიანის შემცვლელი, პასუხისმგებლობის ამღები ბავშვი ამზადებს საჭმელებს, ზრუნავს ფინანსებზე, უზრუნველყოფს უმცროსი ძმებისა და დების კეთილდღეობას და ოჯახის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას ცდილობს.
ოჯახის გმირი იდეალური ბავშვია. როგორც წესი, ოჯახის გმირი სკოლაში ძალიან წარმატებულია. ის მაღალ შეფასებებს იღებს კლასსი, ასრულებს რაიმე განსაკუთრებულ მოვალეობას ან კარგი სპორტსმენია. მიზნების მისაღწევად ბევრს მუშაობს და მასწავლებლის კეთილგანწყობას იმსახურებს. ასეთი ბავშვი ხშირად ნიჭიერი ორგანიზატორია ან კლასელებს შორის უჩვეულო ავტორიტეტით სარგებლობს მიუხედავად იმისა, რომ დედა ან მამა სვამენ. ოჯახის გმირი აყალიბებს ცხოვრებას, რათა ეწინააღმდეგებოდეს ოჯახის გარეთ სხვების ვარაუდს, რომ სასმელის ან ნარკოტიკის მოხმარება გავლენას მოახდენს ბავშვებზე. მათ უნდათ იყვნენ სრულყოფილები და სჭირდებათ, რომ მათი ცხოვრებაც სრულყოფილი იყოს.
ეს ზე-წარმატებული ბავშვები იზრდებიან და არასრულყოფილ ემოციურ განვითარებას ინტენსიური მუშაობითა და თვითდისციპლინით ფარავენ. თუმცა, გარეგნულად, ეს ინტენსიურად მომუშავე ადამიანები თავდაჯერებულები და მოხერხებულები არიან, მაგრამ, შინაგანად დაბალი თვითშეფასებით იტანჯებიან. ხშირად, ბავშვები, რომლებმაც ოჯახის გმირის როლი შეასრულეს, მიდრეკილნი არიან დეპრესიისა და შფოთისკენ. ისინი აგრეთვე მიდრეკილნი არიან პერფექციონისტული ტენდენციებისკენ, რათა თავიდან აიცილონ კრიტიკა.
- „განტევების ვაცი“
ოჯახების უმეტესობაში, სულ მცირე, ერთი ბავშვია, რომელსაც მუდამ პრობლემები მოაქვს. ამ ბავშვისთვის წესები მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ისინი დაარღვიოს. ბავშვი მუდმივად ქმნის პრობლემებს და საბოლოო ჯამში, ოჯახის განტევების ვაცად იქცევა. ყურადღება, ალკოჰოლზე ან სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებული ოჯახის წევრიდან მასზე გადადის.
მისი თვითშეფასება საკუთარი დედმამიშვილების თვითშეფასებაზე დაბალია. „მე“-ს გრძნობა ეფუძნება ცოდნას, რომ ის „ცუდია“ და ასეთივე დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებისკენ მიილტვის. ისინი იმდენად არიან მიჩვეულნი დანაშაულის თავის თავზე აღებას, თვლიან, რომ ყველაფერი მათი ბრალია.
რადგან ნარკოტიკი და ალკოჰოლი მოზარდთა პროტესტის მთავარი ელემენტია, „განტევების ვაცი“ ადრეულ ასაკშივე ექსპერიმენტს ატარებს ან ბოროტად მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
მოზრდილ ასაკში კი ეს გამომწვევი ქცევით, დროდადრო არაკონტროლირებადი სიფიცხით და მძვინვარებით გამოიხატება. „განტევების ვაცები“ მზად არიან, სხვა ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ და აწყენინონ მათ. ისინი ხშირად სკოლიდან გარბიან, ადრე ოჯახდებიან, თინეიჯერულ ასაკში ბავშვებს აჩენენ, სწავლაზე უარს ამბობენ, ვალებს იდებენ, რომელთა გადახდა შეუძლებელია. მიუხედავად დიდი სურვილისა, იყვნენ განსხვავებულნი, „განტევების ვაცები“ იმ მშობლებს ემსგავსებიან, რომელთაც ვერ იტანენ.
- „ოჯახის მასხარა“
ასეთი კატეგორიის ბავშვები არაჩვეულებრივად მგრძნობიარეები არიან და აქვთ უნარი, ყველაზე მძიმე სიტუაციებიც კი ხუმრობაში გადაიტანონ. ისინი ეჩვევიან იუმორის გრძნობის დახმარებით გაღიზიანების ან ბრაზის მოხერხებულად განეიტრალებას. მათი როლი პოზიტიური ყურადღების მიქცევაა.
ასეთი ბავშვები ბევრს ხუმრობენ და ხშირად აქვთ შესანიშნავი მხატვრული უნარები. რაც არ უნდა მოხდეს ოჯახში, ისინი ყოველთვის ხუმრობენ და ცოტათი კიდევაც ჰგვანან „განტევების ვაცს“ მხოლოდ საპირისპიროდ.
ვინაიდან ეს ბავშვი აღიქმება როგორც მზის სხივი, რომელსაც პოზიტიური მოაქვს ოჯახისთვის, ისინი ყოველთვის ავითარებენ დიდ სამსახიობო ნიჭს, კომედიურ უნარებს და ზოგადად, არიან მხიარული ადამიანები.
„ოჯახის მასხარები“ იზრდებიან და ხშირად ენაჭარტალა ან არაჩვეულებრივად ფიცხ ადამიანებად ყალიბდებიან. ყველაზე მტანჯველ წუთებშიც კი, ასეთი ადამიანები გრძნობებს ხუმრობით ფარავენ. მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრები ახერხებენ იუმორის მიღმა ღრმა ჭრილობების დანახვას. ისინი თავიანთ ნამდვილ გრძნობებს გასართობად ნიღბავენ. ასეთი ბავშვები ხშირად საკმაოდ ნიჭიერები არიან, მაგრამ საკუთარი წარმატებებით ტკბობას ვერ ახერხებენ.
- „უხილავი/დაკარგული ბავშვები“
ასეთი ბავშვი თამაშობს დაკარგული ბავშვის როლს და უმკლავდება მშობლების ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკზე დამოკიდებულებას საკუთარ ფანტასტიკურ სამყაროში გაუჩინარების გზით. ისინი დამოუკიდებლად მოქმედებას არ ცდილობენ და ურჩევნიათ, „დინებას მიჰყვნენ“.
რამდენადაც რეალობა მათთვის ასე უსიამოვნოა, ისინი ქმნიან შინაგან სამყაროს, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ. მათი დაბალი თვითშეფასება და სამყაროს აღქმა გარეგნულადაც გამოიხატება, რადგან ხშირად ისინი მორცხვები და ჩაკეტილები არიან. ისინი მარტოობას არჩევენ რადგან ისწავლეს, რომ ოცნება უსაფრთხოა და მას მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ადამიანებთან არაპროგნოზირებად ურთიერთობებს. „დაკარგული ბავშვები“ იტანჯებიან სხვადასხვა შიშებით და ისეთი არაადექვატური და მუდმივი შეგრძნებებით, როგორიცაა დაბნეულობა და მარტოსულობა. „დაკარგული ბავშვის“ ემოციურ თავისებურებას და აპათიას, ხშირად შეცდომით მის უშფოთველობას აწერენ. ასეთი ბავშვი სამწუხაროდ ღებულობს რეალობად იმას, რომ არასდროს არაფრის შეცვლა არ შეუძლია.
„დაკარგული ბავშვი“ ხშირად შეიძლება იყოს ძალიან შემოქმედებითი. გარე სამყაროსთვის ის გამოიყურება როგორც მშვიდი, კრეატიული და არტისტული.
ამ ტიპის ადამიანი, როგორც ჩანს დამოუკიდებელი, სასიამოვნო და თვითკმარია. ისინი იშვიათად გამოხატავენ მტკიცე მოსაზრებებს და თავს არიდებენ კონფლიქტს. სინამდვილეში კი, ისინი გრძნობენ ემოციების მთელ რიგს, როგორიცაა, მიტოვებული, გაბრაზებული, სევდიანი და იზოლირებული.
გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ტიპის პიროვნებებს შეიძლება გაუჭირდეს ადამიანებთან დაახლოება და სხვების მიმართ ნდობის განვითარება.
ძირითადი რჩევები და მხარდაჭერის/დახმარების გზები
„ოჯახის გმირი“
- გავაგებინოთ, რომ დასვენებაში არაფერი ცუდი არ არის;
- დავარწმუნოთ, რომ ყოველთვის ის არ უნდა გამოირჩეოდეს სხვებისგან, სხვების ნაცვლად საკუთარ თავს გაუკეთოს რაიმე სასიამოვნო და ეს სულაც არ იქნება უსაქმურობა;
- ვასწავლოთ, რომ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღონ, მივცეთ მათ რეალური დავალებები;
- გავზარდოთ მათი თვითშეფასება იმით, თუ რას წარმოადგენს ის და რას აკეთებს. უნდა დავარწმუნოთ, რომ მოგვწონს ის, მიუხედავად იმისა, მიაღწევს თუ არა წარმატებას;
- წავახალისოთ, რომ ხშირად გამოხატონ საკუთარი ემოციები.
„განტევების ვაცი“
- შევხედოთ მის ქცევას, როგორც დახმარების თხოვნას და არა როგორს საკუთარ საფრთხეს;
- მკაფიოდ უნდა შევცვალოთ საკუთარი ქცევა მაშინ, თუ ჩვენი ქცევა ბავშვის მიმართ უარყოფითია;
- ბავშვს უნდა ვაჩვენოთ საკუთარი გრძნობები. თუ ბავშვმა ისეთი რამ გააკეთა, რამაც გაგვაბრაზა, ამის შესახებ უნდა ავუხსნათ მშვიდი ტონით. უნდა ვაგრძნობინოთ, რომ გაგვაბრაზა მისმა ქცევამ და არა თვითონ მან;
- უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვმა ზუსტად იცოდეს თუ სად არის საზღვრები იმისა, რა არის დასაშვები და რა არა. ნათლად უნდა ავუხსნათ წესები და ჩვევები;
- უნდა შევაქოთ მისი თითოეული დადებითი ქცევა, მაშინაც კი, როცა ეს ქცევა უმნიშვნელოა;
- წავახალისოთ, რომ დაკავდნენ რომელიმე სპორტით, სადაც შეიძლება ემოციების გამოტანა და სხვა ბავშვებთან დადებითი ურთიერთობების დამყარება;
- უნდა დავეხმაროთ სხვა ბავშვებს, რომ კარგად გაუგონ „განტევების ვაცს“ და მიიღონ ის.
„ოჯახის მასხარა“
- უნდა გავაგებინოთ ბავშვს, რომ არ უნდა დამალოს საკუთარი, რეალური ინდივიდუალურობა და რომ ადამიანები მის სიყვარულს იმ შემთხვევაშიც გააგრძელებენ, თუ არ იმასხარავებს;
- დავეხმაროთ რომ გაიხსნან. ამისთვის უნდა მოვიპოვოთ მისი ნდობა;
- წავახალისოთ, რომ მხატვრულად გამოხატოს საკუთარი განცდები;
- დავარწმუნოთ, რომ აწარმოოს დღიური და მასში ჩანაწერები გააკეთოს. ვუთხრათ, რომ ამის შესახებ ჩვენთან საუბარი ნებისმიერ დროს შეუძლია.
„უხილავი/დაკარგული ბავშვები“
- წავახალისოთ, რომ გამოხატოს საკუთარი განცდები და ემოციები;
- დავეხმაროთ, რომ გაიხსნას მისი ნდობის მოპოვებით;
- დავეხმაროთ თვითშეფასების გაუმჯობესებაში.
„პოზიტიური მშობლობა“
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!