მშობლების მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად გამოყენების გავლენები ბავშვის განვითარებაზე და ფუნქციონირებაზე

ფსიქოაქტიური ნივთიერებები არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე, იწვევს მისი ფსიქიური მდგომარეობის ცვლილებას და გავლენას ახდენს ადამიანის გრძნობებზე, აღქმებზე, აზროვნების პროცესებსა და/ან ქცევაზე. ფსიქოაქტიურ ნივთიერებებში შედის როგორც ნარკოტიკული საშუალებები – ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი, მარიხუანა და სხვა, ასევე ფსიქოტროპული წამლები (დამამშვიდებლები, ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებლები), ასევე ალკოჰოლი, თამბაქო, ყავა და ჩაი. პრობლემის სათავე არა თვით ნარკოტიკების არსებობაშია, არამედ იმაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნარკოტიკებს ადამიანისთვის და არის თუ არა ადამიანი მასზე დამოკიდებული.

ფსიქოაქტიური ნივთიერებები განსხვავდებიან როგორც მიჩვევის, ასევე ზიანის მაჩვენებლით, თუმცა ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ალკოჰოლი და თამბაქო, რომლებიც მეტად ფართოდაა გავრცელებული და რომლებიც თითქოსდა ნაკლებად საშიშია, სინამდვილეში დიდი ზიანის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფსიქოაქტიური ნივთიერება გავლენას ახდენს აღქმაზე, ემოციაზე, ქცევაზე… ამ ნივთიერებების გარკვეული დროით მოხმარების შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ მისი კვლავ მიღების ძლიერი სურვილი და ეს მისწრაფება იმდენად ძლიერია, რომ ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანი ხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაზღვრებით, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად გამოყენებაში იგულისხმება ნივთიერების ისეთი ხმარება, რომელიც სოციალურ პრობლემად იქცევა და მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობილებაზე, მის კოგნიციებზე (ფიქრებზე), აღქმაზე, აზროვნებაზე, ემოციებსა და ქცევაზე.

ზიანი, რომელსაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება იწვევს, ვარირებს მსუბუქიდან ძლიერამდე, არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი, ზემოქმედებს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ამძიმებს ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობას.

განასხვავებენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ფსიქოტროპულ, მათ შორის ალკოჰოლურ საშუალებებზე.

ფიზიკური დამოკიდებულებაა:  ორგანიზმი ადაპტირებულია ამა თუ იმ ნითიერების არსებობასთან და მოხსნის სიმპტომები ჩნდება , როცა ადამიანი  მოულოდნელად წყვეტს ან თავს ანებებს და ამ დროს განიცდის ე.წ. ფიზიკური აბსტინტეციის მდგომარეობას („ლომკას“).

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გულისხმობს ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების ძლიერ ლტოლვას და გამჯდარია ადამიანის აზრებში, ემოციებში, საქმიანობაში და იწვევს ქცევის კონტროლის სირთულეს ან უკონტროლობას. ეს, ფიზიკურთან შედარებით უფრო რთულად დაძლევადია.

ყველა ნარკოტიკული ნივთიერება შეიძლება საზიანო იყოს მისი მოკლე და გრძელვადიანი ტოქსიკური ეფექტების გამო. ბოლო წლებში სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ახალი ან/და აქამდე უცნობი ძლიერი, მინარევებიანი და დაბინძურებული ფსიქოაქტიური ნივთიერებები და აკრძალული ნარკოტიკები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საზიანო შედეგების ალბათობა. ნარკოტიკების საზიანო ეფექტები შესაძლოა არაპროგნოზირებადი იყოს და მათი ზემოქმედება განსხვავდებოდეს მომხმარებელთა ინდივიდუალური ბიოლოგიური თავისებურებების ან ჯანმრთელობის თანმხლები დაავადების საფუძველზე. მოხმარების ზეგავლენას ასევე შეიძლება განაპირობებდეს სოციალურ – ეკონომიკური ფაქტორები ან ნარკოტიკებთან დაკავშირებული ქცევები.

როგორ მოქმედებს მშობლების მიერ ფსიქოაქტიური (ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკისა და სხვა) ნივთიერებების ავად მოხმარება ბავშვებზე?

მრავალრიცხოვანი კვლევების თანახმად, ოჯახური ატმოსფერო და ოჯახური ურთიერთობები ძლიერ ზეგავლენას ახდებს ბავშვებსა და მოზარდებზე. საზოგადოების ყველა ფენაში ოჯახებს აქვს თავისი ძლიერი მხარეები და გამოწვევები და ყველა ოჯახს გააჩნია თბილი და სტაბილური ურთიერთობების პოტენციალი, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პოზიტიურ განვითარებას, თუნდაც რთულ ვითარებაში.

როდესაც ბავშვი იზრდება ოჯახში, სადაც მოიხმარენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და არის სხვა ანტისოციალური ქცევების გამოცდილება, იზრდება იმის ალბათობა, რომ ბავშვიც ჩაერთვება მსგავს ქცევებში. მოწევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება უფრო მაღალია იმ მოზარდებში, რომლებიც იზრდებიან მშობლებთან, რომლებიც ეწევიან, სვამენ ან იყენებენ ნარკოტიკებს.

როდესაც მშობლები ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულები ხდებიან, ეს გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, ქცევებზე და შვილების ეფექტურად აღზრდაზე.

მშობლების მიერ ნარკოტიკების ავად გამოყენება სერიოზულ გავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე; გარკვეული ნორმების დაცვა ყალიბდება პატარა ასაკიდან და როცა ნარკომანია და ნარკოტიკების ავად გამოყენება ამ ნორმების ნაწილია, ბავშვები სწავლობენ მის დაცვას, რაც ხელს უწყობს ბავშვის დამოკიდებულების ალბათობის ზრდას. ბავშვობის გამოცდილების, გარემოსა და გენეტიკური ფაქტორების ერთობლიობამ შეიძლება გაზარდოს ბავშვების ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დამოკიდებულების ალბათობა. ბავშვები, რომლებიც მოდიან ოჯახებიდან, სადაც მშობლები იყვნენ ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულნი, უფრო ხშირად იწყებენ  ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარებას ადრეულ ცხოვრებაში და უფრო სწრაფად ხდებიან დამოკიდებულები, ვიდრე თანატოლები, რომლებსაც არ აქვთ ოჯახში მსგავსი გამოცდილება.

ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ მშობლებთან ერთად, ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი თანატოლები. ოჯახებში, სადაც ნარკოტიკი და ალკოჰოლი პრიორიტეტი ხდება, ბავშვები განიცდიან უგულვებელყოფას მშობლბის მხრიდან, მშობლები მათ ვეღარ აქცევენ ყურადღებას, იკარგება ფიზიკური და ემოციური კავშირი ბავშვსა და მშობელს შორის.

ფსიქოაქტიური ნითიერებების გამოყენების გავლენა მძიმეა და ხშირად შეუქცევადი, რადგან ბავშვები სწავლობენ, რომ მათი საჭიროებები აღარ არის პრიორიტეტული, არ არიან უსაფრთხოდ და რომ მათ მშობლებს არ შეუძლიათ მათი დაყენება პირველ ადგილზე. ასეთ უგულვებელყოფას აქვს ხანგრძლივი გავლენა ბავშვებზე და ეს შეიძლება, უარყოფითად აისახოს მათ ჯანმრთელობაზეც. ამ დროს ჩნდება ქცევითი და ემოციური პრობლემები, შეიძლება ამან გამოიწვიოს ემოციური, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებები.

ორსულობის დროს მშობლების მიერ ნარკოტიკის გამოყენებამ კი შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები და ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც შეიძლება შეამციროს ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობა, ასევე, სწავლისა და ფუნქციონირების უნარების დაქვეითება.

 

პოზიტიური მშობლობა“

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

რა არის ჯანსაღი მიჯაჭვულობა, რა ასაკში შეიძლება ჩამოყალიბდეს ის და რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებაში

Read Next

ასეთი ბავშვები არიან ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ, უფრო ხშირად იწყებენ ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარებას ადრეულ ასაკში – როგორ მოქმედებს მშობლების მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარება ბავშვებზე?

One Comment

Comments are closed.