მშობიარობის შემდგომი დეპრესია – რა შემთხვევაში ვლინდება დეპრესია ახალშობილის როგორც დედებში, ასევე მამებში და რა სიმპტომატიკით ხასიათდება ის

ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ქალს ცხოვრების სტილის შეცვლა უწევს. ამ პერიოდში გუნება – განწყობის შეცვლა უმეტეს შემთხვევაში ჰორმონალური ცვლილებების დამსახურებაა. ხასიათის მკვეთრი ცვლილება პირველი ორსულობის დროს უფრო ხშირია, ვინაიდან პირველი გამოცდილება და ემოცია ყოველთვის მძაფრია. მშობიარობის შემდეგ ხასიათის ცვლილება დაკავშირებულია ჰორმონებთან, უძილობასთან, ცხოვრების ახალ ტემპთან, დაბალ სოციალურ აქტივობასთან, მოდუნებასთან და სხვა.

ყოველივე ამან შესაძლოა, განაპირობოს დეპრესია. დეპრესია გუნება – განწყობის აშლილობა და დიაგნოზია, რომელთან გამკლავებაც სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე რთულია. დეპრესიის სიმპტომები ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი ხანგრძლივობა და ინტენსივობა. ორსულობის და მშობიარობის შემთხვევაში დეპრესია ხშირად ხანმოკლეა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დედა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. საფრთხე იმატებს მაშინ, თუ არსებობს დამატებითი ფაქტორები, ისეთები, როგორიცაა ფსიქოლოგიური დაავადებები: შფოთვა ორსულობამდე, ანორექსია, ბულიმია. ასევე, ანტიბიოტიკების მიღება, პრობლემები ოჯახში, გენეტიკური განწყობა, ასაკი (20 წლის ქვემოთ და 30 წლის ზემოთ) და სხვა. ამ დამატებითი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში დეპრესიის ინტენსივობა იზრდება და სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.

დეპრესიას ორსულებში ცხოვრებისეული ცვლილებები და მასთან დაკავშირებული ადაპტაციის სირთულეები იწვევს, ხშირად ნაკლები მზაობა, არასაკმარისი ენერგია, არასაკმარისი დრო, გარეგნული ცვლილებები, პარტნიორთან ურთიერთობის ფორმა და შიში, რომელიც არ არის კონკრეტული და ხშირ შემთხვევაში განზოგადებულია. მშობიარობის შემდეგ რისკები კიდევ უფრო მწვავდება და დედის ფსიქიკა ბევრად უფრო მოწყვლადი ხდება გარემოს ზემოქმედების მიმართ. ასეთ დროს დეპრესიის ჩამოყალიბების რისკიც საგრძნობლად იზრდება. მსგავსი აშლილობა პროვოცირებულია ფსიქოლოგიური ადაპტაციით მშობიარობის შემდგომი პერიოდის მიმართ, უძილობითა და მძიმე დატვირთვით, რასაც ბავშვზე ზრუნვა მოითხოვს. აღნიშნული მძიმედ აისახება ბავშვის ურთიერთობაზე დედასთან და მის ადრეულ კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, ოჯახის სხვა წევრებს აღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, იცოდნენ, რა ტიპის მხარდაჭერას საჭიროებს დედა, როგორ შეიძლება შემცირდეს და შემსუბუქდეს აღნიშნული ემოციური ფონი. რა ფუნქცია აქვს მამას ასეთ დროს და ა.შ.

პოსტნატალური დეპრესია შეიძლება შეგვხვდეს როგორც დედებში, ისე მამებში. დაახლოებით, ათიდან ერთი მამა ებრძვის ამ დაავადებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ამის გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, შეგვიძლია გამოვყოთ გარკვეული სტრესული მოვლენები, რომლებიც ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. ესენია:

  • მეტი ფინანსური პასუხისმგებლობა;
  • ცვლილებები ურთიერთობებში და ცხოვრების სტილში;
  • ძილის ნაკლებობა;
  • დაძაბული ურთიერთობა პარტნიორთან ან პარტნიორი, რომელსაც ასევე აქვს პოსტნატალური დეპრესია

აღსანიშნავია, რომ დაავადება უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა მამებში. როგორც დედების დეპრესიის შემთხვევაში, აქაც გასათვალისწინებელია მამის პერსონალური, სოციალური, ოჯახური მდგომარეობა და მენტალური ჯანმრთელობა.

გთავაზობთ სიმპტომების არასრულ სიას, რაც შეიძლება ახასიათებდეს როგორც დედას, ასევე მამას. ესენია:

  • უიმედობა;
  • ინტერესის დაკარგვა ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ;
  • არასრულფასოვნების განცდა;
  • დანაშაულის გრძნობა, რაც გამოწვეულია მამის აზრით, რომ მას ბავშვი საკმარისად არ უყვარს;
  • გაღიზიანებულობა;
  • ირაციონალური ფიქრები, რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საშიშიც კი იყოს;
  • უძილობა;
  • მადის დაკარგვა ან პირიქით – მომატება;
  • ინდეფერენტული/გულგრილი დამოკიდებულება პარტნიორის და ბავშვის მიმართ;
  • პანიკური შეტევები, რასაც თან ერთვის გულისცემის აჩქარება, ხელისგულების ოფლიანობა და უძლურების განცდა;
  • კონცენტრაციის პრობლემები;
  • თავის ტკივილი;
  • გადამეტებული შიშები ბავშვების, ან ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით;
  • ფიქრები სიკვდილზე;

როგორც დეპრესიის სხვა ფორმები, ესეც აუცილებლად ისახება მამის ურთიერთობაზე ბავშვთან, პარტნიორთან, მეგობრებთან და ა.შ.

დეპრესიის დროს მთავარია დროულად მოხდეს მისი გამოვლენა, რასიც დიდი როლი აკისრია ოჯახის წევრებს, შემდეგ კი ექიმის მიერ დაინიშნება სათანადო მკურნალობა რაც მოიცავს: კოგნიტურ – ბიჰევიორულ თერაპიას, ინტერპერსონალურ ფსიქოთერაპიას და მედიკამენტოზურ მკურნალობას.

 

„პოზიტიური მშობლობა“

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

Read Next

რეკომენდაციები მშობლებს, რომ ბავშვს მაღალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდეს