ბავშვის უფლება ცხოვრების სათანადო სტანდარტზე – რას ითვალისწინებს „ცხოვრების სათანადო სტანდარტი“

ბავშვს უფლება აქვს, იზრდებოდეს ოჯახურ, მისი პიროვნების პატივისცემის, სიყვარულისა და ურთიერთგაგების გარემოში.

ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას.

ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აქვს ისეთივე უფლება ცხოვრების სათანადო სტანდარტზე, როგორიც სხვა ბავშვს. ეს სტანდარტი უნდა ითვალისწინებდეს გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ბავშვის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობისთვის.

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ბავშვის ცხოვრების სათანადო პირობების დაცვის სტანდარტების შემუშავებას და უწყებათაშორისი და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელებას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბავშვისთვის უვნებელი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, გარემოს დასაცავად, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან ბავშვის დასაცავად ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს უწყებათაშორისი კოორდინაციითა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.

უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსა და მუნიციპალიტეტისთვის სავალდებულოა ურბანული დაგეგმარების, განაშენიანების, მშენებლობის ნებართვის გაცემის და რეკონსტრუქციული პროექტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროს ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტების გათვალისწინება.

სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტი ქმნიან სამართლებრივ მექანიზმებს და იღებენ სათანადო ზომებს ბავშვის თამაშისა და დასვენების, რეკრეაციულ, კულტურულ და სახელოვნებო ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

ბავშვის სოციალური განვითარების მხარდაჭერა

ბავშვის სოციალური განვითარების მხარდასაჭერად შემუშავებული შესაბამისი პროგრამა უნდა მოიცავდეს ბავშვის სოციალური აქტივობის ღონისძიებებს, ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებებს და ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობის ღონისძიებებს.

ბავშვის სოციალური განვითარების პროგრამა თავისი შინაარსითა და მეთოდოლოგიით ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ის ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის მიერ საკუთარი უფლებების დამოუკიდებლად რეალიზების უნარისა და სხვათა უფლებების პატივისცემის ჩამოყალიბებას.

სოციალური მუშაობა ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით

ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა სფეროში სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, სოციალური მუშაკის ფუნქციები, უფლებები, მოვალეობები და მის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ბავშვის სოციალური აქტივობის ხელშეწყობა

ბავშვისთვის შეთავაზებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი განვითარების ხელშემწყობი, აუცილებელი ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები.

ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა თავისი შინაარსითა და მეთოდოლოგიით ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ის ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.

ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა მოიცავს შესაბამის პროცესში ჩართულ ბავშვზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ, ზოგად (ღია) და ჯგუფურ ღონისძიებებს.

ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები შეიძლება იყოს:

ა) არაფორმალური განათლება ზოგადი, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ტექნიკური, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით;

ბ) გონებრივი განვითარებისა და ფიზიკური აქტივობის ხელშემწყობი სპორტული და გასართობი ღონისძიებები;

გ) სასკოლო ან შრომით ვალდებულებებსა და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებული ღონისძიებები; დ) საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამები;

ე) ბავშვთა დასვენების პროგრამები;

ვ) ბავშვთა საკონსულტაციო პროგრამები;

ზ) კულტურული და სახელოვნებო პროგრამები;

თ) წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განმავითარებელი პროგრამები.

ბავშვის სოციალური აქტივობის სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსახორციელებელი ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ამ კოდექსის შესაბამისად.

მუნიციპალიტეტი ბავშვის სოციალური აქტივობის ღონისძიებებს ახორციელებს მუნიციპალური პროგრამის  ფარგლებში  ან  შესაბამისი  სამინისტროს  მიერ  საქართველოს  ორგანული  კანონის

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის სოციალური აქტივობის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამის ან ბავშვის სოციალური აქტივობის სახელმწიფო პროგრამის/მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის სამინისტროსთან/ მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ

47, 48, 49, 50  მუხლები                                კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე      

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

ბავშვის სოციალური დაცვის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები

Read Next

ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება – რა ითვლება ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობად