ბავშვის განვითარების ეტაპები სიცოცხლის პირველ წლებში

სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში ბავშვის განვითარების 4 პირობით პერიოდს არჩევენ:

  • პირველ პერიოდში ბავშვისთვის დამახასიათებელია არაკოორდინირებული მოძრაობა, იგი ვერ ახერხებს თავის დაჭერას, აღენიშნება სიელმე, ნისტაგმი, უარყოფითი ემოციები. მე-2 მე-3 კვირაზე, ბავშვი მუცელზე წოლისას უკვე ცდილობს თავის აწევას, რეაგირებს დაბალ ხმაზე (აქამდე მხოლოდ მაღალ ხმაზე რეაგირებდა). 1 თვის ასაკში მოძრაობა კოორდინირებული ხდება, ნისტაგმი და სიელმე ქრება, მე-5 კვირაზე ვლინდება რეაქცია მსხვილ, მბრწყინავ საგნებზე. ამავე პერიოდიდან ბავშვი ხანგრძლივად აფიქსირებს მბრწყინავ საგანს და თვალს აყოლებს მას. ამ პერიოდის ბოლოსათვის ვლინდება ლაბირინთული რეფლექსები.
  • მეორე პერიოდი მოიცავს ჩვილის ასაკის 2-3 თვეს. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ე.წ. „საშვილოსნოსშიგა პოზიდან“ გამოსვლა და ე.წ. „გაცოცხლების კომპლექსი“, რომელიც შედგება ღიმილის, შემდეგ სიცილის, მოძრაობითი აქტივობისა და ბგერითი აქტივობისგან ღუღუნისა და ბურტყუნის სახით. 2 თვიდან ბავშვი კარგად იჭერს თავს, მას ატრიალებს სინათლის წყაროს ან მოძრავი საგნების მიმართულებით, მუცელზე წოლის დროს წევს ტანის ზედა ნაწილსაც, რის გამოც ეყრდნობა ჯერ იდაყვებს, მერე ხელისგულებს. ბავშვის მიმიკური რეაქციები უფრო დიფერენცირებული ხდება, იგი ამჟღავნებს ურთიერთობას ადამიანებთან, მუსიკა იწვევს დადებით ემოციას, ბავშვი ეტანება სათამაშოებს, საგნებს პირში იდებს… 3 თვეზე ქრება ზოგიერთი უპირობო რეფლექსი (დაცვითი, შემობოჭვის, დგომის, ავტომატური სიარულის, ცოცვის), აგრეთვე ორალური რეფლექსები წოვის რეფლექსების გარდა. ვლინდება ზესიგმენტური პოზიტრონული რეფლექსები, ადვილად ვითარდება პირობითი რეფლექსები მხედველობით და ბგერით გამღიზიანებლებზე და სხვა.
  • მესამე პერიოდი – ეს პერიოდი მოიცავს 3-დან 6 თვემდე ასაკის პერიოდს. ამ პერიოდის დამახასიათებელია ხელების სრული განთავისუფლება, კუნთოვანი ჰიპერტონიის გაქრობა, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს, მიიღოს ნებისმიერ პოზა და თავისუფლად მოიხმაროს ზედა კიდურები. ბავშვის მოძრაობა უფრო მიზანდასახული ხდება. მე-4 თვეზე, მუცელზე წოლისას ბავშვი მთლიანად სწევს ტანსა და მუცელს ზევით, მე-5 თვიდან შეუძლია ჯდომა საყრდენით, ცდილობს გარემოში გადაადგილებას, იწყებს ცოცვას, იღლიების ქვეშ ხელმოკიდებული დგას, მე-6 თვიდან დამოუკიდებლად ჯდება, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე და პირიქით. ხელის გაწვდომისას დგება ფეხზე, თუ გულმკერდს დაუჭერენ, ცდილობს ნაბიჯების გადადგმას. ბავშვის ემოციური სფერო სულ უფრო სრულყოფილი ხდება. მე-4 მე-5 თვიდან იგი ცნობს დედას, არ ეკარება სხვა ქალის ძუძუს, ახალი სახის დანახვისას ჯერ იმალება, სახეს ფარავს, ჩუმდება ან პირიქით, ტირილს იწყებს. თანდაყოლილი რეფლექსებიდან რჩება წოვის რეფლექსი, ბავშვი ამ დროს იწყებს მარტივი მარცვლების (მა-ბა) წარმოთქმას და სხვა.
  • მეოთხე პერიოდი – ეს პერიოდი მოიცავს 6-დან 12 თვემდე ასაკის პერიოდს. ამ პერიოდის ძირითადი ნიშანია მოძრაობის დახვეწა. სტატიკა და მოტორიკა თავისუფალია, იწყება საგნებით მანიპულაცია. პირველ პერიოდში ბავშვი ურტყამს სათამაშოებს, მეორე პერიოდიდან იწყებს მათ ფიქსირებას, ერთი ხელიდან მეორეში გადატანას, თავისუფლად ზის, მე-8 თვიდან დგება მუხლებზე, მჯდომიარე მდგომარეობიდან წვება, ბარიერზე ხელმოკიდებული დგება, მე-9 თვიდან დგება ვერტიკალური მდებარეობიდან, ორივე ხელის მოკიდებისას კარგად დადის, ეძებს დავარდნილ საგანს, დამალულ სათამაშოს. მე-10 თვიდან ბავშვი თვითონ დგება, დადის ცალხელმოკიდებული, კარს აღებს და ხურავს, მე-12 თვიდან დამოუკიდებლად დგას, იწყებს ნაბიჯით სიარულს, სიარულის დაწყებისას ჯერ ხელები წინ აქვს გაშვერილი (საყრდენამდე სივრცის შემცირების მიზნით), შემდეგ ხელები გაშლილი უჭირავს (ბალანსის მიზნით), შემდეგ მოხრილი აქვს და ტანთან მიტყუპებული (თითქოს მზადყოფნის მდგომარეობაშია, რომ სწრაფად დაეხმარონ). როცა კარგად იწყებს სიარულს, ხელები ჩამოშვებული აქვს ან რაიმე საგნით აქვს დაკავებული. მოძრაობითი სინკინეზიები (ხელების ქნევა) უფრო მოგვიანებით ვითარდება. ემოციური რეაქციები კიდევ უფრო დახვეწილია. 7 თვიდან ბავშვი ეპოტინება სარკეში თავის გამოსახულებას, 8 თვიდან ცდილობს ტაშის დაკვრას, ყუთიდან სათამაშოებს იღებს, აგროვებს მათ, განუწყვეტლივ იმეორებს მარცვლებს – ბა-ბა, მა-მა, დე-და და ა.შ. წარმოთქვამს პირველ სიტყვებს. 10 თვიდან მას ძალუძს გამოაჯავროს ძაღლს, კატას. 11 თვიდან შეუძლია შეკითხვისას სახის ნაწილების ჩვენება, სახეს იწმენდს, თმას ივარცხნის, წიგნს ფურცლავს და ა.შ.

ერთი წლის შემდეგ ფსიქომოტორული განვითარების თვალსაზრისით ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდია 2-3 წელი. გაღიზიანებათა სიმცირე, მონოტონურობა, დედის ალერსის დეფიციტი და სხვა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკის განვითარებაზე. ამ პერიოდში სიტყვების მარაგი თანდათან მატულობს, ბავშვი იწყებს ხატვას ჯერ სწორი, შემდეგ მრგვალი ხაზებით, თამაშობს ბურთით, სათამაშოებით, აქრობს ასანთს, ადვილად ექვემდებარება უფროსის მოთხოვნას, კონტაქტურია, კეთილმოყვარე. განუწყვეტლივ იძლევა შეკითხვებს: „ეს რა არის?“, „რატომ?“, იმახსოვრებს მარტივ ლექსებს, უვლინდება სირცხვილისა და თავმოყვარეობის ელემენტები და სხვ.

3-4 წლის ასაკში კი ფსიქიკური განვითარება უფრო სრულყოფილი ხდება, ბავშვი ადვილად იმახსოვრებს ლექსებს, უვლინდება შიშის გრძნობა, სილამაზის აღქმა, ცდილობს ცხოველებისა და ადამიანების დახატვას, ყალიბდება ბავშვის „მე“, რის გამოც ხშირია კონფლიქტი აღმზრდელებთან, ბავშვი ისე ადვილად აღარ ექვემდებარება დარიგებას. ეს ე.წ. „პირველი სიჯიუტის“ პერიოდია.

4-6 წლის ასაკში ვითარდება მისწრაფება ბავშვთა კოლექტივისადმი, ვლინდება ბავშვის ხასიათის ზოგიერთი ნიშანი, მორალური თვისებები, ბავშვი ადვილად არჩევს დასაშვებსა და აკრძალულს. იწყებს კითხვას, წერას.

6-7 წლის ასაკში იწყება სასკოლო ასაკის პერიოდი, რომელსაც ახასიათებს ბავშვის ფსიქიკის შემდგომი განვითარება და ინდივიდუალური სახის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე ყველაზე კრიტიკულია სქესობრივი მომწიფების პერიოდი, იწყება ცხოვრების მიზნის აღქმა, სიყვარულის შეგრძნება, მიბაძვა მოზრდილთა ქცევისადმი, ყალიბდება ასოციაციური კავშირები და სხვ. ამ ასაკში ჰორმონული პროცესების დისკოორდინაციაც ხშირად იწვევს პუბერტული პერიოდის ხასიათის გაუწონასწორებლობას, თავს იჩენს კონფლიქტები მშობლებთან და მასწავლებლებთან. ეს ე.წ. „მეორადი სიჯიუტის“ პერიოდია.

 

 

ნ. ხერხეულიძე – „ბავშვების შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა“

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

მეტყველების განვითარების ეტაპები ბავშვებში

Read Next

გივი მიქანაძე: საქართველო უერთდება მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სწავლის ყველა საფეხური უფასოა