ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოსოციალური განვითარების თავისებურებები

აღნიშნულ სტატიაში გაგაცნობთ საინტერესო ინფორმაციას ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარების შესახებ.

ადამიანის ფსიქიკური, ფიზიკური თუ სოციალური კეთილდღეობა უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სრულფასოვნად და ჰარმონიულად მიმდინარეობდა განვითარების პროცესი ბავშვობაში. ბავშვის განვითარებაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს: ოჯახი, სოციუმი (საზოგადოება), ეკონომიკური მდგომარეობა, კვება, ძილი, გენეტიკა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი და გადამწყვეტია მშობლის როლი. მშობლის ქცევაზე, აღზრდის სტილზე და გარემოზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ბავშვის განვითარებაზე დაკვირვება ძალიან საინტერესო და აღმოჩენებით სავსე პროცესია. სანამ უშუალოდ ბავშვობის ეტაპების გაცნობაზე გადავალთ, მოკლედ განვმარტავთ რას ნიშნავს ფიზიკური განვითარება, კოგნიტური განვითარება და ემოციური განვითარება. აღნიშნული სამი სფერო, ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

ფიზიკური განვითარება  –  გულისხმობს უნარებს, რომელიც ბავშვს მოძრაობაში (მსხვილი მოტორიკა), ხელის თითების გამოყენებასა (წვრილი მოტორიკა) და შეგრძნებებში ეხმარება. ფიზიკური აქტივობა უმნიშვნელოვანესია ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის.

კოგნიტური განვითარება – იგივე შემეცნებითი განვითარება, გულისხმობს ბავშვის ისეთი უნარების განვითარებას, რომელსაც მისი ტვინი იყენებს აზროვნებისა და სწავლისთვის. მაგალითად: კითხვების დასმა, დაკვირვება, წარმოსახვითი აზროვნება. ბავშვის ინტერესებზე დაკვირვება შესაძლოა, ჩვენთვის გასაღები აღმოჩნდეს მასთან კომუნიკაციის, ურთიერთობის დასამყარებლად.

ემოციური და სოციალური განვითარება  –  მოიცავს ისეთ უნარებს, რომელიც ეხმარება ბავშვს საკუთარი თავის შესწავლაში, საკუთარი ემოციების ამოცნობასა და ქცევის მართვაში, უფროსებთან პოზიტიური, დადებითი ურთიერთობის დამყარებაში.

ბავშვობა შეიძლება დავყოთ ერთმანეთზე გადაჯაჭვულ შემდეგ ეტაპებად:

  • ჩვილობა – დაბადებიდან 1 წლამდე;
  • ადრეული ბავშვობა – 1-დან 6 წლამდე;
  • შუა და გვიანი ბავშვობა – 6-დან 11 წლამდე;
  • მოზარდობა – 11 წლიდან 16 წლამდე პერიოდი.

 

ჩვილობა

ფიზიკური განვითარება: აღნიშნულ პერიოდში ბავშვი უკვე იწყებს თავის დაჭერას, შეუძლია თავის გადატრიალება ორივე მხარეს, 3 თვიდან კი უკვე ხელში იჭერს სხვადასხვა საგნებს, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე, 6 თვიდან შეუძლია დამოუკიდებლად დაჯდომა, ხოხვა, 9 თვიდან 12 თვემდე პერიოდში კი ბავშვი სწავლობს თავისებურ ხოხვას, შეუძლია ასევე, ავეჯზე დაყრდნობით გადადგას ნაბიჯები;

კოგნიტური განვითარება: ბავშვი იწყებს ნაცნობი სახეების, ხმებისა და სუნების ცნობას, სიამოვნებს ნაცნობების შეხება, უყურებს სახეში მათ და უღიმის. 3 თვიდან იწყებს ნივთების მოსინჯვას პირში ჩადებითა და ხელში დაჭერით, აგდებს ნივთებს დაბლა და ა.შ.  6 თვიდან თვალს აყოლებს დავარდნილ სათამაშოს რომ გაიგოს სად მიდის ნივთი, მოსწონს ფერადი წიგნები, ცდილობს გადაშალოს ისინი, აინტერესებს შინაური ცხოველები, მელოდიას ჰყვება ღუღუნით. 9 თვიდან 1 წლამდე პერიოდში აცნობიერებს იმას, რომ საგნები არსებობენ მაშინაც, როცა ჩვენ ვერ ვხედავთ, ეძებს დამალულ სათამაშოებს, ტირილით უხმობს დედას.

ემოციური განვითარება: ახალშობილი 3 თვემდე რეაგირებს მშობლის ხმაზე, მშვიდდება მასთან შეხების დროს, თვალებით ამყარებს კონტაქტს, 3 თვიდან იწყებს ხმამაღლა სიცილს, მოსწონს სხვა ბავშვებზე დაკვირვება, მოსწონს თამაში, განასხვავებს თავისი ოჯახის წევრებს სხვებისგან. 6 თვიდან კი სხვადასხვა ემოციების შესაბამის ხმებს გამოსცემს, მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა. 9 თვიდან ბავშვი გამოხატავს შიშს უცხო სიტუაციების მიმართ, რეაგირებს საკუთარ სახელზე, ტირის როდესაც მშობელი მიდის.

 

ადრეული ბავშვობა (1-დან 6 წლამდე პერიოდი)

ადრეული ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. დაბადებიდან 6 წლამდე ასაკი საოცრად სწრაფი და უნიკალური ზრდის ხანაა. სწორედ ამ დროს ვითარდება თავის ტვინი ყველაზე სწრაფად. ადრეულ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის პოზიტიური მხარდაჭერა. ამ ასაკში ბავშვის სწავლისა და განვითარების ძირითადი ფორმა თამაშია. იგი აქტიურად სწავლობს კეთებით, გარემოს აღმოჩენით, პროცესში აქტიურად ჩართვით. ამიტომ, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია თავად დაუშვას შეცდომები, მოსინჯოს სხვადასხვა გზები და გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები.

ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, სამყარო საკუთარი გამოცდილებით შეიმეცნოს.

ფიზიკური განვითარება: ფიზიკური აქტივობა ეხმარება ბავშვს კუნთების გავარჯიშებაში. 2 წლიდან უკვე ნაკლებად ეცემა, უკეთ იცავს წონასწორობას, შეუძლია უკუსვლით სიარული  და ველოსიპედის ტარება. 3 წლიდან ბავშვი უფრო აქტიური ხდება. უკეთ ურტყამს ბურთს, უყვარს ძრომიალი, სრიალი. სწრაფად ვითარდება წვრილი მოტორიკა (თითების მოძრაობა), უკეთ უჭირავს ფანქარი, ავლებს ხაზებს, ხატავს ფორმებს. 5 წლის ასაკის ბავშვისგან ხშირად გაიგონებთ ფრაზას: „ნახე რა შემიძლია“…

ადრეული ბავშვობის წლებში ბავშვი წელიწადში საშუალოდ 6,4 სანტიმეტრით იზრდება სიმაღლეში, ხოლო წონაში 2,5 – 3 კილოგრამს იმატებს.

კოგნიტური განვითარება: ერთი წლიდან ბავშვი ცდილობს მიბაძოს სხვებს, იწყებს საგნების დაჯგუფებას მარტივ კატეგორიებში. 2 წლიდან ბავშვი უფრო მეტად ერთვება როლულ თამაშში, იწყებს წარმოსახვითი საგნების გამოყენებას, თუმცა ამ ასაკში კარგად ვერ არჩევს რა არის რეალური და რა წარმოსახვითი. სამი წლიდან ბავშვი მეტყველების განვითარებასთან ერთად იწყებს მეტი კითხვების დასმას, აქტიურად ეძებს პასუხს კითხვებზე, უკვე შეუძლია გამოიყენოს ფორმისა და ზომის აღმნიშვნელი სიტყვები.

ემოციური განვითარება: 1 წლის ასაკის ბავშვი მეტ სიამოვნებას იღებს ოჯახთან ურთიერთობით. კოცნის, ეხუტება, მოსწონს თამაში, უკვე შეუძლია აღიქვას სხვის მიერ გამოხატული ემოცია. 2 წლიდან ჰყავს საყვარელი თანატოლები, შეუძლია რამდენიმე ემოციის დასახელება. სიამოვნებს სხვასთან თამაში. შეუძლია გააკეთოს არჩევანი რა ჩაიცვას. ამ ასაკის ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციების ამოცნობა და დასახელება, ასევე აღნიშნავს და ასახელებს სხვების ემოციებს. ძლიერ ემოციებს გამოხატავს კონსტრუქციულად.  ცდილობს, უფროსის დახმარებით საკუთარი თავის გაკონტროლებას ან კონფლიქტის მოგვარებას. ბავშვი მოქნილობას ამჟღავნებს და საკუთარ ქცევას გარემოს უსადაგებს. შეუძლია საკუთარი ემოციებისა და იმპულსების მართვა, სიამოვნების ან კუთვნილი ჯილდოს მიღების გადავადება ცოტა ხნით.

 

შუა და გვიან ბავშვობა  (6 – 11 წელი)

შუა ბავშვობა ბავშვის სკოლაში შესვლის პერიოდიდან იწყება. აღნიშნული პერიოდი გამოირჩევა განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით, კოორდინირებული მოძრაობის სწრაფი განვითარებით. აღნიშნულ პერიოდში ბავშვს უვითარდება ჯგუფთან მიკუთვნებულობის განცდა, მეგობრული ურთიერთობების დამყარების სურვილი, იწყებს წერა – კითხვისა და მათემატიკის შესწავლას. კვლევების მიხედვით, შუა ბავშვობაში მიღებული ნეგატიური გამოცდილება, ბავშვის ინტერესების გაუთვალისწინებლობა, მისდამი არაადეკვატური მოლოდინები, ბავშვის ემოციურ და ქცევის პრობლემებს, ასევე სწავლისადმი მოტივაციის დაქვეითებას უწყობს ხელს.

ფიზიკური განვითარება: 6-8 წლის ასაკში ბავშვი ფიზიკურად ენერგიულია. მას აქვს მოჭარბებული ენერგია. სულ მოძრაობაშია. მართალია, ის ფიზიკურად განვითარებულია, მაგრამ მისი ზრდის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს, გული არ იზრდება სხეულის პროპორციულად, ამიტომ მას არ შეუძლია დაძაბული ფიზიკური აქტივობა, სჭირდება დასვენების პერიოდები. 9 – 11 წლის ასაკის ბავშვი ფიზიკურად აქტიურია, უყვარს ფიზიკური ვარჯიშები. ამ პერიოდში იგი შესაძლოა იმდენად იყოს დაკავებული თავისი ყოველდღიური თავგადასავლებით, რომ შესაძლოა, ყურადღების მიღმა დარჩეს ჰიგიენის დაცვა. ამიტომ, ამ პერიოდში სასურველია, ბავშვებთან ყურადღება გავამახვილოთ თვითდისციპლინის განვითარებაზე.

კოგნიტური განვითარება: უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს უჩნდებათ ლოგიკური აზროვნების ბიშნები. ბავშვები ამ ასაკში, როგორც წესი იშვიათად იყენებენ კავშირს, მსჯელობასა და დასკვნას. 6-7 წლის ბავშვისთვის ძირითადად დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი ანუ ამ ასაკში მას ნაკლებად შეუძლია შეხედოს საკუთარ თავს სხვისი პოზიციიდან.

ემოციური განვითარება:  აღნიშნულ პერიოდში ბავშვის პიროვნულ ზრდაზე გავლენას ახდენს სასწავლო და თამაშთან დაკავშირებული სიტუაციები, შრომითი აქტივობები და ურთიერთობები.

6 – 8 წლის ასაკში ბავშვი სოციალურად მეგობრულია. უყვარს ჯგუფურ აქტივობებში და თამაშში მონაწილეობა. ეს ავითარებს თანამშრომლობის უნარს და მას უფრო თავდაჯერებულს ხდის, რადგან მისი ცალკეული წარუმატებლობები ზოგად ფონზე ნაკლებად შესამჩნევია. უყვარს და ყოველთვის უნდა გამარჯვება. ამის გამო შესაძლოა, მოიტყუოს კიდეც.

9 – 11 წლის ასაკში ბავშვი სოციალურად შემგუებადია. ის, როგორც წესი, უშუალოა და კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. ცხოვრობს აწმყოში, არ ფიქრობს მომავალზე. ბავშვი ამ პერიოდში ხდება თავისივე სქესის ჯგუფის წევრი.

მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვთან ვურთიერთობთ, არ შევეხოთ მის პიროვნულობას, არამედ მივუთითოთ კონკრეტულ ქცევაზე, რომელიც იმ მომენტში მიუღებელია.

ამით არ დავაზიანებთ ბავშვის თვითსეფასებას. მაგ: მე არ მომწონს შენი ქცევა ამ კონკრეტულ სიტუაციაში და არა იმის თქმა, რომ შენ „ცუდი  ბიჭი/გოგო ხარ“.

მშობელმა უნდა იზრუნოს ბავშვის თვითშეფასების განვითარებაზე, რადგან სწორედ ეს თვითშეფასება (საკუთარ თავზე წარმოდგენა) ახდენს გავლენას ბავშვის წარმატებაზე სკოლაში და თანატოლებთან ურთიერთობის დროს.

 

მოზარდობა

მოზარდობა, ეს არის ხიდი ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. ეს ეტაპი 10 – 11 წლიდან 15 – 16 წლამდე ასაკს მოიცავს და უმცროსი და უფროსი მოზარდობის პერიოდებად იყოფა. უმცროსი მოზარდობა 10 – 11 წლიდან 14 წლამდე გრძელდება, უფროსი კი 14 – დან 16 წლამდე. გარდამავალ ასაკში ცვლილებებს განიცდის მოზარდის განვითარების ყველა მხარე – როგორც ფიზიოლოგიური, ისე გონებრივი და სოციალურ – პიროვნული.

ფიზიკური განვითარება: გარდამავალ ასაკში მოზარდის ორგანიზმში რადიკალური ცვლილებები ხდება. იწყება ფიზიკური განვითარების ახალი ეტაპი და დგება სქესობრივი მომწიფების პერიოდი. ყველა ამ ცვლილების წარმმართველია ჰორმონები. აღნიშნულ ასაკში ინტენსიურად იზრდება მოზარდის ორგანიზმის ყველა ორგანო. 9 – 10 წლამდე გოგონებისა და ბიჭების ორგანიზმი ერთნაირად ვითარდება. 10 წლიდან გოგონები უფრო ინტენსიურად იზრდებიან და ბიჭებს უსწრებენ. სქესობრივი მომწიფების დასრულების შემდეგ გოგონების ზრდის ტემპი იკლებს, ხოლო ვაჟებისა 18 – 20 წლამდე გრძელდება. მოზარდის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სქესობრივი მომწიფებაა. ნაადრევი მომწიფება ბიჭებს თავდაჯერებულობას მატებს, ხოლო გოგონები თავს უხერხულად გრძნობენ და უფრო მგრძნობიარედ განიცდიან თავიანთ სხეულებრივ ცვლილებებს.

კოგნიტური განვითარება: მოზარდებში ამ სფეროს ძირითადი ნიშანი აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბებაა. აბსტრაქტული აზროვნება ეს არის შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ და ლოგიკური კავშირები დავამყაროთ ისეთ მოვლენებს შორის, რომელიც ამჟამად არ ხდება. მოზარდებს უჩნდებათ უნარი, გაითვალისწინონ რეალობა და შესაძლებლობები. ისინი იწყებენ ფიქრს მომავალ პროფესიაზე. ამ პერიოდის მთავარი ამოცანაა მოზარდმა გადალახოს იდენტურობის კრიზისი, ანუ მან ისეთ მნიშვნელოვან კითხვას უნდა გასცეს პასუხი, როგორიცაა – ვინ ვარ მე? რა მსურს ცხოვრებაში? რა არის ჩემი ინტერესები? როგორი ვარ მე?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა და საკუთარი თავის პოვნა არის ადამიანის მთელი ცხოვრების წარმმართველი. მოზარდმა უკვე იცის რა არის კარგი და რა არის ცუდი, მაგრამ ჯერჯერობით უჭირს აღნიშნული ღირებულებების ქცევაში გადატანა.

პიროვნული და სოციალური განვითარება: მოზარდობის პერიოდში მშობლების გავლენა იკლებს და მატულობს თანატოლების გავლენა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ მათზე თანატოლები. იმისათვის, რომ მოზარდი აღიარებული და მოწონებული იყოს თანატოლთა წრეში, ხშირ შემთხვევაში მზად არის, სარისკო ქმედებებიც კი განახორციელოს. მთელ რიგ ცვლილებებთან გასამკლავებლად მათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ ასაკის ბავშვების ცხოვრებაში მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა ზრდასრულების მხარდაჭერითი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ზრდასრულები, რომლებიც კარგად ართმევენ თავს თავიანთ ფუნქციებს, ერთის მხრივ უქმნიან მოზარდებს დაცულობისა და მხარდაჭერის გარემოს. მოზარდი გრძნობს, რომ ის უყვართ ისეთი, როგორიც არის და მეორეს მხრივ, უფროსები ხელს უწყობენ მის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ პიროვნებად.

 

რეკომენდაციები, თუ როგორ შევუწყოთ ხელი, რათა გარდატეხის ასაკი მოზარდებისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს: 

  • ესაუბრეთ მოზარდებს მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოსალოდნელი ისეთი ცვლილებების შესახებ, როგორიცაა ცვლილებები გარეგნობაში, სქესობრივი მომწიფება. ერთად დასახეთ ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების მოგვარების გზები;
  • ყურადღება მიაქციეთ საუბრის ტემბრს და მანერას. ეცადეთ, არ იყოთ დირექტული (მკაცრი), ბავშვს მოეპყარით თანატოლივით;
  • ერთად დასახეთ სასწავლო პროცესი თუ გარკვეული საქმიანობა და შემდეგ შეაჯამეთ აღნიშნული პროცესები.

 

 

პოზიტიური მშობლობა“

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

რეკომენდაციები მშობლებს, რომ ბავშვს მაღალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდეს

Read Next

რთული ქცევა ბავშვებში