როგორ შევარჩიოთ ბავშვის საკვები

ბავშვის კვების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების მომზადებას, საჭმელის გარეგან შესახედაობას, მაგიდის ლამაზად გაშლას. ცუდი შესახედაობის საკვები და უშნოდ გაშლილი მაგიდა აქვეითებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას, ეს კი ხშირად კვების მოშლილობის მიზეზი ხდება. შაქრისა და ტკბილეულის მიღება ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ხელს უწყობს უმადობას. არ შეიძლება ბავშვის ყურადღების გაფანტვა ჭამის დროს, (სათამაშოებით, წიგნებით, ზღაპრის მოყოლით და სხვა). რეკომენდებული არაა აგრეთვე საჭმელის დაძალება. თუ ბავშვს ჭამის დროს მოწყურდება, შეიძლება, დაალევინოთ ცოტა წყალი, რაც ზოგჯერ მადის გაუმჯობესებას იწვევს. ხანგრძლივი სეირნობის, მოძრავი და ხმაურიანი თამაშის შემდეგ ჭამამდე რეკომენდებულია მცირე პაუზა.

ბავშვის მენიუს შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს საკვებ პროდუქტებში ძირითადი ინგრედიენტების სხვადასხვა რაოდენობით შემცველობა.

ზოგიერთი პროდუქტი საჭიროა ყოველდღე. ასეთებია: პური, კარაქი, რძე, ხორცი, ბოსტნეული, შაქარი. ზოგიერთი კი არაყოველდღიური საჭმელია: მაგ. არაჟანი, თევზი, ხაჭო.

საუზმეზე უმჯობესია ბავშვს დაუნიშნოთ ფაფეული, მაკარონი, მოხარშული კარტოფილი, ყველი, ძეხვი, სოსისი.

სადილზე მიზანშეწონილია ხორციანი კერძები და თევზეული.

ვახშმად უფრო რეკომენდებულია ბოსტნეული, ფაფეული, რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი. გემოვნებისთვის უხვად უნდა იქნას გამოყენებული მწვანილეულობა და სხვადასხვა სანელებლები. წიწაკა, პირშუშხა და მდოგვი მცირე რაოდენობით დასაშვებია მხოლოდ მოზრდილი ბავშვებისთვის.

ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში მნიშვნელოვან როლს მინერალური ნივთიერებებიც ასრულებს. კალციუმზე ბავშვის მოთხოვნა 240-დან 600 მგ-მდეა დღე-ღამეში. კალციუმის ძირითადი წყაროა რძე და რძის პროდუქტები (განსაკუთრებით ყველი). ის აგრეთვე დიდი რაოდენობითაა ქიშმიშში, ოხრახუშსა და მწვანე ხახვში.

ფოსფორზე ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილება 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია მოზრდილებთან შედარებით და საშუალოდ 120-500 მგ-ს შეადგენს დღე-ღამეში. დიდი რაოდენობით ფოსფორს შეიცავს ხორცი, თევზეული, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები. ფოსფორით მდიდარია სტაფილო, სალათი, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე მუხუდო, ატამი, ჭერამი, ქიშმიში.

ბავშვების მოთხოვნა კალიუმზე უფრო მეტია, ვიდრე ნატრიუმის მარილებზე. კალიუმით მდიდარ საკვებ პროდუქტებს ეკუთვნის მწვანილეულობა, ბოსტნეული, გოგრა, საზამთრო, ნესვი, ბანანი, ანანასი. საკვებ პროდუქტებში ნატრიუმის მარილები შედარებით მცირეა. ამ დეფიციტის დასაფარად, 1-დან 3 წლამდე ასაკში საჭიროა 1,5 – 2 გრამი სუფრის მარილი, 3-დან 7 წლამდე ასაკში 3-6 გრამი, 7-დან 12 წლამდე ასაკში 6-8 გრამი, 12 წელზე მეტ ასაკში 10 გრამი დღე-ღამეში.

მაგნიუმი, რომელიც დიდი რაოდენობითაა მცენარეული წარმოშობის საკვებში, საჭიროა 50-70 მგ დღე-ღამეში, რკინა – 1,5 – 10 მგ. ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობითაა ღვიძლში, კვერცხის გულში, ხაჭოში, ჭვავის პურში, შვრიასა და მუხუდოში. რკინით მდიდარია ვაშლი, მსხალი, ლეღვი და ქლიავი.

ჰემოგლობინის სინთეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპილენძი და კობალტი, რომლებზეც მოთხოვნილება შესაბამისად 0,1 მგ-ს და 0,01 მგ-ს შეადგენს დღე-ღამეში.

 

ბავშვთა დაავადებების პროპედევტიკა – ნ. ხერხეულიძე

 

bavSvi.ge – 2026 წ.                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

ნანა ავალიანი: ბავშვების ცხოვრებაში ოთხფეხა მეგობრები უდიდეს როლს თამაშობენ, პატარები სწავლობენ ზრუნვას, სიყვარულს, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწავლობენ – როგორ არ დაჩაგრონ მათზე სუსტი

Read Next

რას ნიშნავს ფიზიკური და სენსორული განვითარება ბავშვებში