არსებობს ბავშვის აღზრდის რამდენიმე სტილი, რომელთაგან სპეციალისტები გამოყოფენ 4 ძირითად სტილს:
- აღზრდის ავტორიტარული სტილი
აღზრდის ეს ფორმა ბავშვის მიმართ კონტროლის მაღალი დონით გამოირჩევა. მშობლები მკაცრად აკონტროლებენ თავიანთ შვილს და მისგან კომუნიკაციისა და ყოველგვარი ახსნა – განმარტების გარეშე უსიტყვო მოჩილებასა და პატივისცემას მოითხოვენ. იყენებენ იძულებას, ყვირიან, მბრძანებლობენ, აკრიტიკებენ, სჯიან… ასეთი ტიპის მშობლები ბავშვის ინტერესებს და მოთხოვნილებებს ნაკლებად ითვალისწინებენ, ბავშვების შესაძლებლობები და პირადი ინიციატივა სრულად უგულვებელყოფილია.
ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვი ცუდად სწავლობს, აქვს დაბალი თვითშეფასება, უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა. მორიდებულობა, მორცხვობა, გულჩათხრობილობა და აგრესიულობა, რაც აღზრდის ამგვარ სტილს შედეგად მოჰყვება, ბავშვის ცხოვრებას არაპროდუქტიულს ხდის.
- აღზრდის ავტორიტეტული სტილი
აღზრდის ეს სტილი ბავშვზე კონცენტრირებულ მიდგომას იყენებს და გულისხმობს მის მიმართ კონტროლის მაღალ დონესა და თბილ, მოსიყვარულე, მზრუნველ დამოკიდებულებას. ავტორიტეტული მშობელი შვილს პარტნიორად მიიჩნევს და ითვალისწინებს მის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს, ბიძგს აძლევს მის ავტონომიურობას, ასწავლის საკუთარი ქცევის მართვას, რათა ასაკის მატებასთან ერთად შეძლოს დამოუკიდებლად და მეტი პასუხისმგებლობის გრძნობით მოქმედება. მშობელსა და შვილს შორის არის ღია კომუნიკაცია, სადაც ბავშვის თვალსაზრისი მოსმენილი და გათვალისწინებულია.
ამ ტიპის ოჯახში აღძრდილი ბავშვებისთვის დამახასიათებელია ადექვატური და სტაბილური თვითშეფასება. ხასიათდებიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და მეტად ითვალისწინებენ მშობლების მოთხოვნებს.
- აღზრდის ლიბერალური სტილი
აღზრდის ეს სტილი გულისხმობს თბილ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ და სუსტ კონტროლს. უფროსების მხრიდან ურთიერთობა თანამშრომლურია, თუმცა პრიორიტეტი და საბოლოო გადაწყვეტილება ბავშვს ეკუთვნის. მშობლები არიან ზედმეტად ლოიალურები და ნაკლებია ბავშვის კონტროლის მექნიზმები.
ამგვარ ოჯახებში ბავშვები საკუთარ საქციელზე ნაკლებად გრძნობენ პასუხისმგებლობას და შედეგად, უჭირთ საკუთარი იმპულსების, ემოციების მართვა და კონტროლი. იზრდება ალბათობა აგრესიულობისა, აკადემიური წარმატებების ინტერესი იკარგება, ისინი ხდებიან სხვებზე დამოკიდებულნი და ხასიათდებიან დაბალი თვითშეფასებით.
- აღზრდის ინდიფერენტული სტილი
აღზრდის ინდიფერენტული სტილი გამოირჩევა კონტროლის დეფიციტით და ემოციური სიღარიბით. მშობლები საერთოდ არ აკონტროლებენ საკუთარ შვილებს, მინიმალურ დროსა და ენერგიას უთმობენ ბავშვის აღზრდას. საერთოდ არ იცნობენ ბავშვს, არ იციან რა უყვართ, როგორ გრძნობენ თავს ან სად ატარებენ დროს. უფროსები არ იჩენენ ყურადღებას და ინტერესს ბავშვის სამეგობრო წრის ან სასწავლო პროცესების მიმართ.
ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვისთვის დამახასიათებელია დაბალი თვითშეფასება, იმპულსურობა, ანტისოციალური ქცევისადმი მიდრეკილება და სირთულეები სწავლაში.
კვლევების შედეგად დადგენილია, რომ აღზრდის ყველაზე ეფექტური მეთოდი ავტორიტეტული აღზრდის სტილია, ხოლო ყველაზე ნაკლებ ეფექტური, ავტორიტარული და ინდიფერენტული აღზრდის სტილი.
რეკომენდაციები აღზრდის სტილთან დაკავშირებით
ავტორიტარული
- გაითვალისწინეთ ბავშვის სურვილები და განცდები. შეეცადეთ, ცოტა ხნით თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ;
- შეეცადეთ მისცეთ ინსტრუქციები შეთავაზების და არა ბრძანების სახით;
- შეეცადეთ ესაუბროთ არა მშრალი და არა მკაცრი, არამედ თბილი ტონით, ემოციურად;
- აკრძალვები და დასჯის ფორმები გასაგები უნდა იყოს ბავშვისთვის, მასთან წინასწარ განხილული და ორივე მხარისთვის (მშობელი და ბავშვი) მისაღები;
- ნებისმიერი შენიშვნა მიმართული უნდა იყოს არა ბავშვის პიროვნების, არამედ მისი კონკრეტული ქცევის მიმართ. ნუ ეტყვით – „მატყუარა ხარ!“… უკეთესია, ამ ფრაზას შემდეგი ფორმულირება მივეცთ: „მე ძალიან არ მესიამოვნა, როდესაც გავიგე, რომ ამ სიტუაციაში შენ სიმართლე არ თქვი“;
- ნუ შეხვალთ ბავშვის ოთახში დაკაკუნების გარეშე. მის გარეშე ნუ შეეხებით მის პირად ნივთებს. ეცადეთ, პატივი სცეთ თქვენი ბავშვის პირად სივრცეს, როგორიც არ უნდა იყოს ის;
- ნუ მოუსმენთ მის სატელეფონო საუბრებს;
- აუცილებელია, რომ ბავშვს დავუტოვოთ უფლება, აირჩიოს მეგობრები, ტანსაცმელი, მუსიკა და სხვა.
- გულახდილად აუხსენით, რას გრძნობთ, როდესაც იმედგაცრუებული ხართ;
- მოთმინებით მოეკიდეთ ბავშვის ნაკლოვანებებს. რაც შეიძლება ხშირად აღნიშნეთ ის ღირსებები, რაც ბავშვს გააჩნია.
ავტორიტეტული
თუ თქვენ შეძელით ასეთი ურთიერთობის დამყარება ბავშვთან, მაშინ გაუზიარეთ ეს გამოცდილება სხვებსაც…
ლიბერალური
- ნუ იტყვით უარს ბავშვის კონტროლსა და მისთვის გარკვეული წესებისა და ნორმების მოთხოვნაზე;
- ზომიერად გამოხატეთ სითბო და მხარდაჭერა;
- დაეხმარეთ, მაგრამ ნუ ეცდებით, მათ ნაცვლად მოაგვაროთ მათი პრობლემები;
- მიეცით სტიმული, იურთიერთონ თანატოლებთან;
- დოზირებულად მიეცით ზრუნვა, თავისუფლება, შექება და საყვედური – ეს ერთ-ერთი გამოსავალია სიტუაციიდან;
- მიეცით ბავშვს დამოუკიდებლობისა და არჩევანის გაკეთების უფლება. მას აქვს უფლება, დაუშვას შეცდომები და ისწავლოს ამ შეცდომებზე.
ინდიფერენტული
- შეცვალეთ თქვენს შვილთან ურთიერთობის ტაქტიკა. შეეცადეთ, აღადგინოთ ერთიერთნდობა და პატივისცემა;
- ჩამოაყალიბეთ შეზღუდვების სისტემა ბავშვებისთვის და ჩაერთეთ მის ცხოვრებაში;
- დაეხმარეთ მას, რომ მონაწილეობა მიიღოს ოჯახურ ცხოვრებაში, ნათლად განსაზღვრეთ ბავშვის ფუნქციური მოვალეობები ოჯახში, თქვენი მოთხოვნები და მოლოდინები მის მიმართ;
- შექმენით „ოჯახური საბჭო“, რომელზეც განიხილავთ თქვენი ოჯახის პრობლემებს;
- გამოამჟღავნეთ სულიერი სითბო ბავშვის მიმართ, ხაზი გაუსვით იმას, თუ რა მნიშვნელოვანია ის თქვენთვის, ესაუბრეთ და დაინტერესდით მისი აზრებით;
- გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის აუცილებელია მის ცხოვრებაში თქვენი მონაწილეობა.
„პოზიტიური მშობლობა“
bavshvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!