SOS!!! ინფორმაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ბავშვების მომავალს ანადგურებენ!!!
ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება.
სახელმწიფო უზრუნველყოფს ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვით და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციით.
ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლების სრულფასოვანი რეალიზების მიზნით სახელმწიფომ განათლების ინკლუზიურობის პრინციპის დაცვით უნდა უზრუნველყოს:
ა) ბავშვისთვის უფასო, ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად;
ბ) ბავშვისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის, სათანადო ფინანსური მხარდაჭერით;
გ) განათლების სისტემის, საფეხურების, ფორმებისა და პროცედურების და ბავშვისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა;
დ) სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის სკოლაში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების პრევენციისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ე) განათლების ყველა საფეხურზე უახლესი სამეცნიერო და დარგობრივი ცოდნისა და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
ვ) განათლების ყველა საფეხურზე ბავშვის მონაწილეობის უფლების რეალიზება როგორც უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მიღებისას.
ბავშვის განათლების მიზნები
ბავშვის განათლება ფორმალური განათლების სისტემაში, აგრეთვე მისი არაფორმალური განათლება უნდა ემსახურებოდეს შემდეგ ძირითად მიზნებს:
ა) ბავშვის პიროვნების, ნიჭის, კრიტიკული აზროვნებისა და შესაძლებლობების სრულფასოვან განვითარებას;
ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ პატივისცემის გრძნობისა და არაძალადობრივი კომუნიკაციის უნარის განვითარებას;
გ) ბავშვში სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების და განსხვავებული კულტურისა და ცივილიზაციის მიმართ პატივისცემის გრძნობის განვითარებას;
დ) ბავშვის პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და მის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას ურთიერთგაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, თანასწორობის, ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური და სხვა ნიშნებით განსხვავებულ ადამიანებს, ჯგუფებსა და ხალხებს შორის მეგობრობის სულისკვეთებით;
ე) ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პასუხისმგებლობის და მათ მიმართ პატივისცემის გრძნობის განვითარებას.
არ იკრძალება ბავშვის მიერ განათლების იმ მიზნებით მიღება, რომლებიც შესაძლებელია განპირობებული იყოს ტექნოლოგიური განვითარების მიღწევებით, სოციალურ-კულტურული ან სხვა ფაქტორებით და არ ეწინააღმდეგება გათვალისწინებულ მიზნებს.
განათლების ინკლუზიური სისტემის მხარდაჭერის პროგრამა
განათლების ინკლუზიური სისტემის მხარდაჭერის პროგრამის დანერგვის მიზანია, ხელი შეუწყოს:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ადამიანური რესურსების ბავშვის განათლების მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
ბ) განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში მათთვის განათლების მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიწოდებას;
გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებების პედაგოგებისა და სხვა ძირითადი პერსონალის პროფესიული განვითარების ეროვნული სისტემის შექმნას, რაც ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მიწოდების აუცილებელი წინაპირობაა;
დ) ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი სერვისებისა და პროგრამების დანერგვას; უმაღლესი განათლების საფეხურზე საჭირო პროგრამების მოდულების შემუშავებასა და დანერგვას.
სახელმწიფო ახორციელებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ, სოციალურ და სხვა ღონისძიებას, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებული ინფრასტრუქტურა და პროგრამები გონივრულად მიესადაგოს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, ხოლო ახალი ინფრასტრუქტურა და პროგრამები უნივერსალური დიზაინის პრინციპის სავალდებულო გათვალისწინებით შეიქმნას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს ბავშვის განათლების ხელშემწყობ პროგრამებს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბუნებრივი გარემოს დაცვისა და განვითარების, ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების რისკების შემცირებისა და მართვის საკითხებზე პოლიტიკის შემუშავებისას და გადაწყვეტილების მიღებისას ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების, ბავშვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების და მისი მონაწილეობის უფლების უზრუნველსაყოფად.
მუნიციპალიტეტი ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამების ან სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ
მუხლები 35, 36, 37 კანონის სრული ვერსია იხ. ბმულზე
bavSvi.ge – 2026 წ. ყველა უფლება დაცულია ©
მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!