მეტყველების განვითარების ეტაპები ბავშვებში

ბავშვის ინტელექტუალური ფუნქციის ძირითადი მაჩვენებელია მეტყველების განვითარება, რასაც ხელს უწყობს თვით ხმის გამომცემი აპარატის, ასევე მეტყველების ანალიზატორის ნორმალური განვითარება. ამ მხრივ განსაკუთრებული როლი ენიჭება შუბლის წილის მე-2 და მე-3 ხვეულის (ბროკას ზონის) და საფეთქლის ხვეულის (ვერნიკეს ზონის) განვითარებას.

ადამიანის მეტყველების პირველი ნიშანია ღუღუნი, რომელიც თანდათან გახანგრძლივებული და ემოციურად შელამაზებული ხდება და თანდათანობით, მარცვლების წარმოქმნაში გადადის.

მეტყველების განვითარებაში სამ ეტაპს არჩევენ:

  • 1 მოსამზადებელი ეტაპი: ეს არის ღუღუნის პერიოდი, რომელიც 1- 2 – დან 4 თვემდე გრძელდება. ამას, მართალია, არავითარი სასიგნალო მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მოწმობს კარგ გუნება-განწყობილებასა და დადებით ემოციებს. მე-5 თვიდან ბავშვი უკვე გარკვეულ ბგერებს გამოსცემს, ხოლო მე-7 თვეზე გამოთქვამს ცალკეულ მარცვლებსაც;
  • მე-2 ეტაპი სენსორული მეტყველების პერიოდია: სენსორული მეტყველების პერიოდი იწყება მე-7 – მე-8 თვიდან, როცა ბავშვს შეუძლია გარკვეული სიტყვა გარკვეულ საგანს ან მოქმედებას დაუკავშიროს, მოგვცეს მხედველობითი პასუხი (სად არის დედა? სად არის სათამაშო?) ან მოძრაობითი პასუხი (მომეცი, მაჩვენე, ტაში დაუკარი და სხვ);
  • მე-3 ეტაპი მოტორული მეტყველების პერიოდია: ეს ეტაპი იწყება მე-11 – მე-12 თვიდან, როდესაც ბავშვი პირველ სიტყვებს წარმოთქვამს. ერთი წლის ბავშვს დაახლოებით მხოლოდ 10-12 სიტყვის მარაგი აქვს. 1 წლის შემდეგ კი მეტყველების უნარი სწრაფად მატულობს, სიტყვების მარაგი მდიდრდება. ბავშვი თვითონ ადგენს მარტივ წინადადებებსა და ფრაზებს. გოგონები გაცილებით ადრე იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე ვაჟები. 1-1/2 წლის ასაკში ბავშვმა უკვე დაახლოებით 30-40 სიტყვა იცის, 2 წლის ასაკში 200-300 სიტყვა. 2-3 წლის შემდეგ ბავშვის მეტყველება შინაარსისა და გრამატიკული ფორმის მიხედვით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მოზრდილის მეტყველებისგან. აღსანიშნავია, რომ ხშირად, მოტორული მეტყველების განვითარების ვადა არ გამოხატავს ინტელექტის განვითარებას.

 

 

ნ. ხერხეულიძე – „ბავშვების შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა“

bavSvi.ge – 2026 .                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

ბავშვობის ასაკის პერიოდები

Read Next

ბავშვის განვითარების ეტაპები სიცოცხლის პირველ წლებში