ნანა ავალიანი: ბავშვების ცხოვრებაში ოთხფეხა მეგობრები უდიდეს როლს თამაშობენ, პატარები სწავლობენ ზრუნვას, სიყვარულს, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწავლობენ – როგორ არ დაჩაგრონ მათზე სუსტი

რა მნიშვნელობა აქვს ბავშვებისთვის შინაურ ცხოველებთან ურთიერთობას, რა უნარებს ავითარებს პატარებში ცხოველებთან კონტაქტი, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვებსა და ოთხფეხა მეგობრებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას – ამ და სხვა კითხვებს ტელეწამყვანი ნანა ავალიანი უპასუხებს, რომელიც ტელეკომპანია „სილქ უნივერსალის“ ეთერით, უკვე რამდენიმე წელია, მაყურებლებს შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით საინტერესო გადაცემას სთავაზობს:

 

  • თქვენ საკმაოდ დიდი ჟურნალისტური გამოცდილება გაქვთ, ბოლო წლებში კი თქვენი პროფესიული კარიერა მთლიანად შინაურ ცხოველებსა და მათ დაცვას დაუკავშირეთ. რამ განაპირობა ეს არჩევანი?
  • მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს, დასაწყისისთვის გეტყვით რომ ძალიან მახარებს თქვენი ამ თემით დაინტერესება. ზოგადად ძალიან კარგია რომ მასმედიის სხვადასხვა საშუალებები ამზადებენ სიუჟეტებს, სტატიებს, რუბრიკებს და ა.შ.  ცხოველთა დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, რადგან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში, თქვენც იცით, მასმედიის როლი დიდი და საპასუხისმგებლოა. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, დადგა ჩემს ცხოვრებაში დრო, როდესაც მომინდა მეკეთებინა ის, რაც ძალიან მიყვარს, შინაური ცხოველები მიყვარს ძალიან, მათთან ვმეგობრობ, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური დავტოვე და რაღაც პერიოდის შემდეგ გავაკეთე სატელევიზიო პროექტი – “კონსულტაცია ვეტერინართან”, ტელევიზია არ მიმიტოვებია, ეს არ შემიძლია, უბრალოდ, სხვაგან ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია, ამიტომ ჩემი ეს ორი საყვარელი რამ, საქმიანობა და ჰობი შევაჯერე, ასე შეიქმნა ეს პეროექტი. მინდოდა გამეკეთებინა რაღაც კარგი, საჭირო, რადგან თქვენც იცით საქართველოში ძალიან რთულია მიუსაფარ ცხოველთა მდგომარეობა, შესაბამისად ეს თემა ძალიან აქტუალურია.
  • თქვენი გადაცემის მონაწილეთა შორის საკმაოდ ბევრი ბავშვია, რომლებიც თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გსტუმრობენ; როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობენ შინაური ცხოველები პატარებისა და მოზარდების პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში?

დიახ, ეს გადაცემა არის გულწრფელობასა და სიყვარულზე, არ მინდა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ სუფთა სულზე. ბავშვებს და შინაურ ცხოველებს ძალიან სუფთა სული აქვთ, გულწრფელი ემოციები და გრძნობები, მათში არ არის სიყალბე, ამიტომ ძალიან ხშირად არიან ბავშვები ჩემი სტუმრები, ისინი ჩემი უსაყვარლესი რესპონდენტები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სწორად აღზრდა და მასში ცოცხალი არსების მიმართ ემპათიის გაღვივება. მე ვფიქრობ რომ უდიდეს როლს თამაშობენ ბავშვების ცხოვრებაში მათი ოთხფეხა მეგობრები, პატარები სწავლობენ ზრუნვას, სიყვარულს, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლობენ – როგორ არ დაჩაგრონ მათზე სუსტი. ბავშვები და მოზარდები – ეს არის ყველაზე მოწყვლადი კატეგორია, ამიტომ მათ სწორად აღზრდაში ოჯახმა, მშობლებმა, სასწავლო დაწესებულებებმა, მასმედიამ – ყველამ ერთად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ბავშვი რომლისთვისაც მკაფიოდ არის გამოკვეთილი ღირებულებები, მაგალითად სხვისი სიცოცხლის გაფრთხილება, ზრუნვა, აუცილებლად ჩამოყალიბდება ღირსეულ პიროვნებად, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

  • მიგაჩნიათ თუ არა, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს ოთხფეხა მეგობარი და რატომ? რა უნარებს ავითარებს ბავშვებსა და მოზარდებში ოთხფეხა მეგობრის ყოლა?

ნამდვილად ვთვლი რომ ყველა ბავშვს უნდა ყავდეს ოთხფეხა მეგობარი, რადგან მინდა, რომ ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს, რაც შეეხება უნარებს, წეღანაც ვთქვი და განვმეორდები – ბავშვი სწავლობს სწორად ცხოვრებას, ისევე როგორც მისი ყოველდღიური რუტინა, მაგალითად კბილის ჯაგრისით კბილების გახეხვა, სადილის წინ საპნით ხელის დაბანა, ძილის წინ შხაპის მიღება და ა.შ. ბავშვს უვითარდება ჩვევა იზრუნოს სხვაზე, სწავლობს რომ სიყვარული არის პასუხისმგებლობა, მაგალითად როდესაც უყვარს თავისი ლეკვი, ან ფისო, უნდა დაუსხას წყალი, თავის დროზე აჭამოს საჭმელი და ა.შ. სწავლობს სხვისი ტკივილის აღქმას, მაგალითად თუ უხეშად მოკიდებს ხელს , რაიმეს ატკენს საკუთარ საყვარელ ოთხფეხა მეგობარს, ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვი აუცილებლად ჩამოყალიბდება კარგ ადამიანად.

  • სამწუხაროდ, არსებობს მშობელთა კატეგორია, რომლებიც კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ სახლში ოთხფეხა მეგობრის ყოლას და უფრო მეტიც, ბავშვებს საერთოდ უკრძალავენ ცხოველებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობას. რას ურჩევდით ასეთ მშობლებს?

არსებობს ნამდვილად… სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა… ვურჩევდი მიიღონ მეტი ინფორმაცია. მათი შიშები უსაფუძვლოა. შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით, ტელევიზიით, შეკითხვებით მიმართონ ექიმ ვეტერინარს, მათი აგრესია ინფორმაციის არქონით არის გამოწვეული. ჯანმრთელ ცხოველთან შეხება არა თუ საშიში, არამედ ძალიან სასრგებლოა ბავშვისთვის, ხოლო იმისთვის რომ ცხოველი იყოს ჯანმრთელი, საჭიროა წესების დაცვა, მაგალითად დეჰელმენთიზაცია, ანუ გასაგეგბი ენით რომ ვთქვა ჭიაზე დამუშავება სამ თვეში ერთხელ, ვაქცინაცია, ანუ აცრა წელიწადში ერთხელ, არ არის რთული. ჯანმრთელ ცხოველთან შეხება ძალიან სასარგებლოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ამას ადასტურებენ მსოფლიოს წამყვანი კლინიკების პედიატრები, ამის შესახებ უამრავი კვლევა არსებობს; მეტსაც გეტყვით, ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს შინაურ ცხოველთან თანაცხოვრება. ასეთ კატეგორიას მინდა რჩევა მივცე – დროა ღირებულებები გადააფასონ, და ბავშვებს ნუ გაზრდიან მიდგომით – “კარგად მოიქეცი, თორემ აუა გიკბენს” ნუ ჩაუნერგავენ შვილებს უსაფუძვლო  შიშს, ფობიას, ეს ძალიან ცუდია. ორიოდ სიტყვით მინდა ქუჩის ცხოველებსაც შევეხო, ქუჩაში ცხოვრება ამ არაჩვეულებრივი არსებების არჩევანი არ არის, მათ უბრალოდ არ გაუმართლათ, უპასუხისმგებლო ადამიანებმა ჯერ აიყვანეს, მერე მობეზრდათ და სახლებიდან გამოყარეს, ისინი გამრავლდნენ და შედეგი არის დღეს ის, რაც არის. ქუჩაში უამრავი ძაღლია, ბევრი მათგანი ჯიშიანი, მათ არაფერი არ დაუშავებიათ და აქვთ სიცოცხლის უფლება, მათ შორის კანონითაც. მათ დახმარება ესაჭიროებათ, საკვებით, წყლით, ჩვენ უნდა  დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს, გამოვიჩინოთ ადამიანობა, დავუდგათ წყალი, მათ ძალიან უჭირთ წყლის მოპოვება, ზაფხულის თვეებში ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და კიდევ, გამოკვებილი ძაღლი არ არის საშიში, ნუ ერთეული ინდივიდების გარდა, აგრესიულნი ხშირად არიან მშიერი ძაღლები. თქვენს მკითხველს მინდა ვთხოვო, სწორად გამიგოს რასაც ვამბობ, კი ბატონო ერთეული ინდივიდი ძაღლი  შეიძლება იყოს აგრესიული, მაგრამ ასევე ერთეული ინდივიდი ადამიანიც მანიაკიც და მკვლელიც შეიძლება დაძრწოდეს ქუჩაში, ამის გამო ადამიანებისგან იზოლირებულნი ხომ ვერ ვიქნებით. სანამ ხელისუფლება შეძლებდეს ამ პრობლემის მოგვარებას, ჩვენ უნდა შევძლოთ ქუჩის ცხოველებთან თანაცხოვრება, მერწმუნეთ მათთან დამეგობრება ძალიან ადვილია, ნუ გაიქცევით, ფეხს ნუ მოუქნევთ, ერთი ნაჭერი პური მიაწოდეთ და ის ცუგა მუდამ თქვენი მადლიერი და ერთგული იქნება, არა თუ გამოგეკიდებათ, არამედ საშიში და სახიფათო ადამიანებისგანაც კი დაგიცავთ.

  • თქვენი გადაცემა უკვე წლებია ეთერში გადის. გარდა ფართოდ გავრცელებული ცხოველებისა, რა იშვიათი ცხოველები გყოლიათ „სტუმრად“ და გარდა ძაღლისა და კატისა, რა ცხოველების ყოლის რეკომენდაციას მისცემდით მშობლებს?

ჩემთან სტუმრად იმყოფებოდნენ ენოტი და გველი. ენოტი, რომელიც გადაარჩინეს, პითონი, რომელიც ზოოპარკის დირექტორმა ზურა გურიელიძემ მოიყვანა სპეციალურად ჩვენი ტელემაყურებლისთვის, ჩინური კალენდრის მიხედვით გველის წელი მოდიოდა მაშინ და მაყურებელი გავახალისეთ. თუმცა, გარეული ცხოველების სახლში მიყვანას კანონიც კრძალავს და მეც ვთვლი, რომ მხოლოდ კომპანიონ ცხოველებთან შეიძლება თანაცხოვრება, მათ შესახებ ყველაფერი ცნობილია, გამოკვლეულია… მოდით დავიცვათ კანონი, ვიცხოვროთ ჰარმონიულად კომპანიონ ცხოველებთან ძაღლთან და კატასთან ერთად.

 

bavSvi.ge – 2026 წ.                                        ყველა უფლება დაცულია ©

მასალის გამოყენება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია!

Read Previous

უწყება რომელსაც ბავშვების ბედი აბარია და სადაც ბავშვსა და ძაღლს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ – რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროში

Read Next

როგორ შევარჩიოთ ბავშვის საკვები